სილვია პლათი - ზარხუფი



წიგნის ონლაინ ვერსიის მისაღებად მოგვწერეთ მეილზე info@taso.org.ge


წინასიტყვაობა

ვიდრე ზარი არ წკრიალებს

” მე არ მინდოდა ყვავილები. მე მინდოდა - ვწოლილიყავი

გადაგრეხილი ხელებით და ყოფილიყო სიცარიელე.

სწორედ ეს არის თავისუფლება. სულ ერთია, შენ ვერ გაიგებ... ”

                          ”ტიტები”

                           სილვია პლათი

ზარხუფი ერთგვარი ამოპირქვავებული მინის ქილაა, გამჭვირვალე; თვალისთვის ხილულია ნებისმიერი სახის შიგთავსი, თუ - სიცარიელე. ზარხუფის აწევა და გადაადგილება მარტივია, ოღონდ არა მაშინ, როცა ამ ზარხუფის ტყვე თვითონ ხარ. ამ ავტობიოგრაფიული რომანის ზარხუფი - სიგიჟეა, ესთერის, სილვია პლათის პროტოტიპის ახალგაზრდა, ნიჭიერ თავზე მოულოდნელად ჩამომხობილი, მისი და გარშემომყოფების, მისი და ცხოვრების გამყოფი, რომლისგან თავის დაღწევაც სულ მცირე, საკუთარი გონების, ვნებებისა და ნიჭის დაყოლიებასა და სიცოცხლის სურვილზე მათ ჩაჭიდებას მოითხოვს.

სილვია პლათი ამერიკულ პოეზიაში ემილი დიკინსონის შემდეგ უდიდეს პოეტ ქალად ითვლება. პლათმა, რომლის სახელიც თანამედროვე ამერიკულ ლიტერატურაში ხელოვანი ქალის ცხოვრებასთან კონფლიქტის სიმბოლოდ იქცა - 1962 წელს, 30 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ფემინისტები პლათის დეპრესიას უშუალოდ უკავშირებდნენ ბრიტანელი პოეტის, ტედ ჰიუზის სახელს, რომელთანაც პლათმა 1956 წელს იქორწინა და რომელმაც იგი თვითმკვლელობამდე სამი თვით ადრე, სხვა ქალის გამო მიატოვა. ამ დროს პლათი ლონდონში თავის ორ ბავშვთან ერთად ცხოვრობდა და გამომცემლობის მიერ შეკვეთილი ავტობიოგრაფიული რომანის პარალელურად, ”არიელის” ლექსებს წერდა. სწორედ ამ ლექსებით, რომლებიც პლათის თვითმკვლელობის შემდეგ გამოაქვეყნა ტედ ჰიუზმა, ათეული წლით გვიან აღიარეს სილვია დიდებულ პოეტად - არა უბრალოდ თანამედროვეობის ტრაგიკულ გმირად, არამედ - პოეტად, რომელსაც მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ”შეუძლია მართოს გამოცდილება, თუნდაც ყველაზე საშინელი.”

სილვია პლათის სახელი ბევრისათვის უპირველესად ფემინიზმთან ასოცირდება, რამდენადაც მისი პირადი განცდები ატარებს ქალის, როგორც სუსტი არსების პროტესტს - ძლიერთა წინააღმდეგ, მაგრამ ეს პროტესტი მთლიანად სამყაროსადმი უფროა მიმართული:

                           ”ღმერთო, არა ვარ შენი მსგავსი,

შენს ცარიელ სიშავეში - ვარსკვლავები - ჩაჭედებული -

                             ბრჭყვიალა და სულელუი კანფეტებია.”

სილვია პლათი - ფემინისტებს, ჰიპებს და 60-იანი წლების ამერიკის სხვა პროტესტანტებსა თუ თავისუფლებისმაძიებლებს რამდენიმე წლით წინ უსწრებს და გაემიჯნება, რადგან უპირველესად - პოეტად რჩება.

თვითმკვლელობამდე, პლათმა საკუთარი სახელით მხოლოდ ერტი პოეტური კრებული გამოსცა, ხოლო მისი ავტობიოგრაფიული რომანი ”ზარხუფი” ლონდონში, ვიქტორია ლუკასის ფსევდონიმით პოეტის სიკვდილამდე ერთი თვით ადრე დაიბეჭდა. სწორედ ამ წიგნით, რომელიც რამდენიმე წელიწადში სხვა ევროპულ ენებზეც თარგმნეს, აღმოაჩინეს ფემინისტებმა სილვია პლათი, როგორც ბრწყინვალე სიმბოლო მეამბოხე ხელოვანი ქალისა, მაშინ, როცა პლათის ლექსები 80-იან წლებამდე ნაკლებ ყურადღებას იპყრობდა.

”ზარხუფი” შეიძლება სულაც, პლათის დღიურების ნაწილად მივიჩნიოთ. თუმცა, პლათის დღიურებმაც კი, რომლების სრული კრებულიც 2000 წელს გამოიცა ლონდონში და მკითხველს უამარავი ახალი დეტალი გაუმხილა ავტორის თანადროული ბედნიერებითა და სასოწარკვეთით სავსე ცხოვრებს შესახებ, ვერაფრით ვერ გაამარტივა ის ლეგენდა, რომელიც პოეტმა თავისი შემოქმედებითა და ბიოგრაფიით შეთხზა. პლათის დღიურები მათი ავტორის მომენტალური ემოციებისა და ფაქტებზე უშუალო რეაქციების წყვეტილი ნიაღვრებია - შინაგანი იმპულსების, როგორც რაიმე სახის ნაღმების  სასწრაფოდ გარეთ გამოტანისა და ქაღალდზე მათი გაუვნებელყოფის აქტები. ”ზარხუფი” კი ბოლომდე გააზრებული, საშინელებამდე გულწრფელი, მაგრამ მწყობრი, რეტროსპექტიული  ნაწერია. შეიძლება წარსულში ასეთი თანმიმდევრული, მიზანმიმართული ჩაბრუნებაც კი გახდა ავტორის ”ზარხუფის ქვეშ” ხელახლა მოხვედრის მიზეზი. ამჯერად - მთელი სასუნთქი ჰაერის დახარჯვით, სასიკვდილოდ.

მიუხედავად რომანის ენის სისადავისა, მისი ცნობიერების ნაკადი, პლათის აღმსარებლური პოეზიის მსგავსად, სიმბოლოებით აზროვნების ფანტასტიური ნიმუშია; იმდენად ბრწყინვალე, რომ რჩება შთაბეჭდილება - პლათი იმ ფაქტასც კი, რომ ის ქალია - ისე იყენებს, როგორც დიდებულ სიმბოლოს; და ეს მაშინ, როცა ნაწილობრივ, სილვიას გაუცხოება სამყაროსთან, მისი სქესის მიმართ გასული საუკუნის 50’იანი წლების ამერიკაში არსებული მოთხოვნების მიმართ პროტესტის გამოხატულებაცაა. ამ პერიოდის ამერიკა ”ზარხუფში” სრულიად სხვადასხვა წახნაგებიდანაა დანახული. ომისშემდგომი პერიოდის, წარმატებაზე ორიენტირებული ქვეყანა, რომელშიც თითქოს ყველაფერი უკვე ”ადგილზეა” - ცათამბჯენები, მუსიკა, მოდა, მედიცინა, რელიგიები, ოჯახური ტრადიციები, საზოგადოებრივი ურთიერთობები, სხვადასხვა სფეროში კარიერული შესაძლებლობები, პლათისთვის სივრცეს მოკლებულ ჰერმენტულ ჭურჭლად იქცევა. ის აღმოაჩენს, რომ სინამდვილეში, ამ გარემოში, მისთვის, როგორც ქალისთვის და პოეტისთვის, შეუძლებელია იყოს  მრავალმხრივი; რომ თუნდაც, ყველა სხვა არჩევანს შორის, მწერლის კარიერა, რომელზეც  ოცნებობს და თანადროულად ცოლისა და დედის ცხოვრება, რომელიც ასევე სურს,  შეუთავსებადია.

”ჩემი ცხოვრება დავინახე, ჩემს წინ დატოტილი, როგორც მწვანე ლეღვის ხე... ყოველი რტოდან მშვენიერი მომავალი  - მწიფე, იისფერი ლეღვის მსგავსად თვალს მიკრავდა და მეძახდა. ერთი ლეღვი ქმარი იყო და ბედნიერი სახლი და ბავშვები; და მეორე ლეღვი იყო ბრწყინვალე პროფესორი; და სხვა ლეღვი იყო - შესანიშნავი რედაქტორი; და სხვა ლეღვი იყო - ევროპა და აფრიკა და სამხრეთ ამერიკა; და სხვა ლეღვი იყო კონსტანტინე და სოკრატე და ატილა და წყება სხვა საყვარლებისა - უცნაური სახელებითა და პროფესიებით; და კიდევ სხვა ლეღვი იყო - ოლიმპიური ჩემპიონი ქალი ნიჩბოსნობაში; და ამ ლეღვების გარდა და ამ ლეღვების მიღმა იყო კიდევ უამრავი ლეღვი, რომლებიც ეხლა თვალში არ მხვდებოდა.

ჩემს თავს ვხედავდი. ვიჯექი ამ ხესთან და შიმშილისგან სული მძვრებოდა იმიტომ, რომ არ ვიცოდი, რომელი ლეღვი მომეწყვიტა. იმათგან სათითაოდ ყველა მინდოდა, მაგრამ ერთის არჩევა სხვების დაკარგვას ნიშნავდა; და ვიდრე ასე ვიჯექი და ვერ გადამეწყვიტა, ლეღვები ჭკნებოდნენ და შავდებოდნენ და ტერფებთან ცვიოდნენ”, -

წერს პლათი თავის რომანში და ნაწილობრივ, ამით თავისი დეპრესიის მიზეზსაც გვიმხელს. ამ ეტაპზე სილვია პლათის და შესაბამისად, მისი გმირის სასოწარკვეთა, თვითმკვლელობის მცდელობები და ფსიქიატრიული მკიურნალობა მისი ცხოვრებაში დაბრუნებით დასრულდა. მაგრამ ამ დროებით ”ჰეფი-ენდამდე” ესთერს საშინელი შინაგანი ოდისეით მოუხდა მიღწევა.

ესთერი არასტანდარტული თინეიჯერია, რომელიც ზრდასრულობაში ტრადიციული, მარტივი გზებით ვერ შეაბიჯებს. სწავლაშიც და პირად ცხოვრებაშიც ერთი შეხედვით წარმატებულ გოგონას თავს ატყდება უეცარი იმედგაცრუება ყველაფრის მიმართ, რაც ”კაშკაშებს” - ნიუ-იორკი, მომავლის პერსპექტივები, თაყვანისმცემელი ბიჭი. სიცრუისა და ხელოვნურობის განცდა ყველაფრის მიმართ რაც მის გარშემოა, ყოველგვარ მეტაფორულობას კარგავს და დღის სინათლის პირდაპირ აუტანლობად, სიგიჟედ და ამ სიგიჟესთან ბრძოლად იქცევა. ესთერის ეს ბრძოლა და მისი ტრიუმფი ჩვეულებრივი სათავგადასავლო ან სასიყვარულო რომანების გმირების ტრიუმფებზე ბევრად უფრო რთული და ნამდვილია.  

მოგვიანებით ”ზარხუფის” შესახებ წერდნენ, რომ ეს არის ”მშვენიერი რომანი, ისევე ბასრი და პირდაპირი, როგორიც პლათის ლექსების უკანასკნელი წიგნი, რომელსაც სელინჯერის ფანი დაწერდა ათი წლის შემდეგ, ეს ათი წელიწადი ჯოჯოხეთში რომ გაეტარებინაო”.

თვითონ პლათი ეჭვქვეშ აყენებდა რომანის მხატვრულ ღირებულებას. ფაქტიურად, მან ეს წიგნი ჰონორარისთვის დაწერა და თანაც, ეს იყო ერთგვარი მცდელობა წარსულისგან გათავისუფლებისა. ამიტომ სილვია პლათმა მტკივნეულად მიიღო ის ფაქტი, რომ მისი რომანი ბესტსელერი გახდა. ის აპირებდა დაეწერა მეორე წიგნი, ჯანმრთელი ადამიანის თვალით დანახული სამყაროს შესახებ, ვისთვისაც ცხოვრება ზარივით წკრიალებს და არც ”ზარი - ქოთანია” და არც ”ზარი -ხუფი”, რომელიც, თავზე თუ დაგემხო, მის ქვეშ ან ნელ-ნელა და ინერტულად ჩაკვდები, ან სტიქიურად განადგურდები.

სრულიად შესაძლებელია ”ზარხუფი” პლათის თვითმკვლელობაში ისევე დავადანაშაულოთ, როგორც მისი თანამედროვე ფემინისტები ადანაშაულებდნენ ტედ ჰიუზს. ჰიუზთან განშორების პერიოდში ეს რომანი პლათისთვის წარსულისგან არა თავის დაღწევის, არამედ წარსულში დაბრუნების იმპულსად იქცა, და ეს მაშინ, როდესაც პლათს სჯეროდა, რომ მუდამ შეეძლო საკუთარი ემოციების გაკონტროლება. ვირჯინია ვულფისადმი მიძღვნილ ჩანაწერებში (ვულფი, რომელმაც 1941 წელს თავი დაიხრჩო, პლათის ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალი იყო), პლათი უარყოფს თვითმკვლელობას. ”მე მგონი, მუდამ მეტისმეტად მგრძნობიარე, რამდენადმე ისტერიულიც კი ვიქნები. მაგრამ ამავე დროს ისე ჯანმრთელი და სიცოცხლით სავსე ვარ. და ძალიან ბედნიერი.”

მამაკაცებისადმი და ქორწინებისადმი სილვია პლათს ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ჩამოუყალიბდა რთული დამოკიდებულება. მისთვის გაფიქრებაც კი საშინელება იყო, რომ კოლეჯის დამთავრების შემდეგ შეიძლებოდა ვინმე ახალგაზრდა კარიერისტის მდივნად დაეწყო მუშაობა - ”იმის გაფიქრებაც კი მძულდა, რომ მამაკაცებისათვის რამენაირი სამსახური უნდა გამეწია”; ხოლო ქორწინება - მისთვის ”ნიშნავდა შვიდ საათზე ადგომას და ქმრისთვის შებოლილი ხორცის, ერბოკვერცხის, პურისა და ყავის მირთმევას და მერე - ფრატუნს - ღამის პერანგითა და ბიგუდებით, მას შემდეგ, რაც სამსახურში წავიდოდა, და მე უნდა დამერეცხა ჭუჭყიანი თეფშები და ლოგინი ამელაგებინა და მერე როცა დაბრუნდებოდა, თვაბრუდამხვევი დღის შემდეგ დიდ სადილს მოისურვებდა და მე უნდა მთელი საღამო კიდევ უფრო მეტი ჭუჭყიანი თეფში მერეცხა, ვიდრე საწოლში არ ჩავწვებოდი ქანცგამოცლილი.  თხუთმეტი წლის განმავლობაში ფრიადოსანი გოგოსთვის ეს საშინელ და დაკარგულ ცხოვრებას ჰგავდა, მაგრამ მე ვიცოდი, რომ ქორწინება სწორედ ეს იყო.”


პლათს ყველაზე მეტად ის აშინებდა, რომ შეიძლებოდა გათხოვების შემდეგ პოეტიც აღარ ყოფილიყო: ”მახსოვს, ბადი უილიარდმა როგორ მითხრა თავდაჯერებით, ავისმომასწავებლად, რომ ბავშვები რომ მეყოლებოდა, თავს სულ სხვანაირად ვიგრძნობდი;მ ლექსების წერა აღარ მენდომებოდა.”

პლათის რომანში ასევე გამოთქმულია პროტესტი უბიწოებისადმი მისი თანამედროვე საზოგადოების დამოკიდებულების გამო: ”ალბათ მშევენიერი იქნებოდა - იყო უბიწო და გათხოვდე უბიწო კაცზე, მაგრამ ვაითუ უეცრად, მას შემდეგ, რაც ვიქორწინებთ, მან აღიაროს, რომ უბიწო არ იყო, როგორც ეს ბადი უილიარდმა გააკეთა? ვერ ვიტანდი აზრს, რომ ქალს უნდა ჰქონოდა ერთადერთი - უბიწო ცხოვრება და კაცს შეეძლო ჰქონოდა ორი - უბიწოც და ბიწიერიც.”

 

მიუხედავად ქორწინებისადმი ასეთი პროტესტისა, მისი რომანი და კიდევ უფრო მეტად, დღიურები - გამუდმებული ძიებაა მამაკაცისა, რომლისთვისაც სილვია პლათი შეძლებდა შეჩვეოდა გათხოვებისა და ბავშვების ყოლის იდეას.

პლათი აღიარებდა, რომ მას სჭირდებოდა ის - მეორე, მასზე ძლიერი არსება. ჯერ კიდევ მამასთან დამოკიდებულებაში, რომელიც განგრენით გარდაიცვალა, როდესაც პლათი 8 წლის იყო, ის, როგორც პოეტი, იქცა შურისმაძიებლად, სუსტი - ძლიერის წინააღმდეგ. რადგან მისი ცნობილი ლექსები ”მამილო” (და ”კოლოსიც”) - თუნდაც ნაცისტური აზროვნების წინააღმდეგ გამიზნულ სიმბოლოდ აღქმული - რჩება მამისადმი შურისძიებად. სილვია პლათს ძალიან უყვარდა მამა და რაც მას ვერ აპატია, იყო - განშორება, სიკვდილი, რომლითაც მამამისმა დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრებას პირისპირ შეატოვა. მას დიდხანს სჯეროდა - მამა რომ ჰყოლოდა (ოტო პლათმა ბუარი თქვა განგრენიანი ფეცის მოკვეთაზე, რაც გახდა მისი სიკვდილის მიზეზი), სულ სხვაგვარად ბედნიერი იქნებოდა. მამისადმი ეს დამოკიდებულება ”ზარხუფშიც” მკაფიოა.

1956 წელს, როდესაც სიცოცხლეს დაბრუნებული 23 წლის სილვია კემბრიჯში 24 წლის ტედ ჰიუზს შეხვდა, მისი ყველა იმედი და შიში ერთბაშად გამართლდა. (”ზარხუფის” სიუჟეტი პლათის ცხოვრების ბევრად უფრო ადრეული ეტაპიდანაა აღებული და ჰიუზთან მისი ურთიერთობის შესახებ არაფერს გვიყვება. თუმცა, ”ზარხუფი” სწორედ ჰიუზთან ურთიერთობის დასასრულს დაიწერა.) ამ პერიოდის დღიურებში პლათი ასეთ ჩანაწერებს აკეთებს: ”მერე ყველაზე უარესი რამ მოხდა. ის დიდი, შავგვრემანი, გადასარევი ბიჭი, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც სიმაღლით შემეფერებოდა და ქალებს დასტრიალებდა, და რომლის სახელიც მაშინვე ვიკითხე - ოთახში რომ შევედი, მაგრამ არავინ მითხრა, მოვიდა და პირდაპირ თვალებში ჩამაცქერდა, და ეს იყო ტედ ჰიუზი. მე ისევ მის ლექსებზე დავიწყე ხმამაღლა ლაპარაკი... და მან მკითხა, ეს ლექსები თუ მომწონდა და სასმელი თუ მინდოდა და მე თავი დავუქნიე და მეორე ოთახში გავყევი და კარი ისევ მივაჯახუნე და ის რომ კონიაკს ჭიქაში ასხამდა, არ ვიცოდი, პირი სად მქონდა, რომ მომესვა”.

შემდეგ ჩანაწერებში პლათი უკვე შეყვარებულია: ”გთხოვ, მოვიდეს, გთხოვ... ის აქ არის: ჩემი შავი გულისმპყრობელი. მშიერი. მე ისეთი მშიერი ვარ დიდი, წამლეკავი, პოეტური, სასოწარმკვეთი სიყვარულისთვის”.

ივნისში მათ იქორწინეს. ”აი, მეც აქ ვარ - მისი ჰიუზი. ნიჭიერი პოეტის ცოლი. ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა. ტედის ლექსების წიგნმა ”შევარდენი წვიმაში” ჰარპერის კონკურსში გაიმარჯვა... ვიცოდი, რომ ნიუ-იორკს ჩვენთვის რაიმე ასეთი სიურპრიზი ექნებოდა! ჩვენ - ორნი - მთელ თარო წიგნებს გამოვაქვეყნებთ, ვიდრე გავქრებით! და გვეყოლება ბევრი მშვენიერი, ჯანმრთელი ბავშვი... მე ისე მიხარია, რომ ტედი პირველია... თითქოს ის თვითონ ჩემი სრულქმნილი მამრობითი ნაწილი იყოს...”

მაგრამ თანდათან, საკუთარი შემოქმედებითი დაუფასებლობისა და კრიზისის პერიოდში, პლათი სხვაგვარდა უყურებს ამ სრულქმნილებას (”საშინელია სრულქმნილება, ბერწია იგი.”). კემბრიჯის დამთავრების შემდეგ პლათი ჰიუზთან ერთად ამერიკაში ჩადის და სმითში მასწავლებლობაზე თანხმდება, მაგრამ ის ცოტას წერს და ამის გამო შეშფოთებულია: ”უკანასკნელ წელიწადს მხოლოდ 16 ლექსი გამოვაქვეყნე.”  ქორწინებითაც იმედგაცრუებულია: ”არაფერი არ შეცვლილა... უფრო უარესი: საკუთარ თავზე იმდენს ვდარდობ, რომ დეტის გამო ვწუხვარ. ტედის წარმატება უნდა შევუთავსო საკუთარ წარუმატებლობას და მიყვარდეს იგი... მე ხომ ასე ძლიერ მსურს მისი წარმატებით ორივენი ბედნიერები ვიყოთ. ასეც იქნება. მთავარია, ერთ-ერთ ჩვენგანს მაინც გაუმართლოს. ამიტომაც შევძელი მასზე გათხოვება; ვიცოდი, რომ ის ჩემზე უკეთესი პოეტი იყო...”; ”მინდა გვქონდეს სახლი - სავსე ბავშვებით, პატარა ცხოველებით, ყვავილებით, ბოსტნეულით, ხილით. მინდა ადგილის დედა ვიყო - ყველაზე უფრო ღრმა გაგებით... და რას ვხედავ საკუთარ თავში? ფერფლს. ფერფლს და უფრო მეტ ფერფლს... ტედი ადგილის მამა იქნება. მე - დედა” - სწორედ ისე, როგორც სილვია პლათი იქცევა ამერიკის პოეტ ქალად, მაშინ როდესაც ტედი ინგლისის პოეტი იქნება.


”პოეზია სისხლისდენაა.

ის არ ჩერდება.

შენ მე მიწვდი ორ ბავშვს -

ორ ყვავილს”.

სილვია პლათი ისევ ბედნიერი და სასოწარკვეთილია: ”ტედთან ცხოვრება განუწყვეტლივ მშვენიერი ამბის თხრობას ჰგავს. მისი გონება უზარმაზარია, წარმოსახვით ყველაზე მდიდარი, რაც კი შემხვედრია; მის სამფლობელოში უსასრულოდ შევძლებ ცხოვრებას.”; მეორე დღეს კი პირქუშია; წერს, რომ მარტოა, რომ  ”სეირნობენ, როგორც ორი უცხო ადამიანი”.  

ჰიუზის ღალატი გახდა ჰაერში დროებით აწეული, დროდადრო ზარივით მოწკრიალე ”ზარხუფის” დაშვების ბოლო იმპულსი. სწორედ ამ ფონზე დაუბრუნდა პლათი ნაცნობ ვაკუუმს, შეშლილობის ზღვარს, რომელსაც ათი წლით ადრე თავი არა შოკური თერაპიისა და კლინიკაში გატარებული ჯოჯოხეთური დროის, არამედ პირველ რიგში, საკუთარი ინტელექტისა და სიცოცხლის სურვილზე კონცენტრაციის წყალობით დააღწია. სწორედ ამ პერიოდში დაიწერა ”ზარხუფი”, რომანი, რომელშიც სასოწარკვეთის, შეშლილობისა და თვითმკვლელობის ზღვართან მდგომი გოგონა ახერხებს სიცოცხლისკენ გამობრუნებას, მაგრამ რომლის ავტორმაც განმეორებით ეს ვეღარ შეძლო.

80-იან წლებში პლათის დღიურები ნაწილობრივ გამოქვეყნდა. ტედ ჰიუზმა მათგან ამოიღო არა მხოლოდ ყველაზე ინტიმური სურათები, არამედ უმცირესი დეტალებიც კი, რომლებსაც შეეძლოთ ფემინისტებისათვის მისი კრიტიკის საბაბი მიეცათ, ხოლო 1956-60 წლების დღიურები საერთოდ გაქრა. ჰიუზი წერდა, რომ არ სურდა ეს ნაწერები შვილებს, ნიკოლასს და ფრიდას წაეკითხათ, სწორედ მათ, რომლებიც 2000 წელს პლათის დღიურების სრული კრებულის გამოცემას დათანხმდნენ.

ტედ ჰიუზი, რომელმაც თავისი პოეზიითა და თარგმანებით მალე მოიპოვა საყოველთაო აღიარება, ბრიტანეთის ”პოეტი-ლაურეატი” გახდა და გასული საუკუნის ინგლისურენოვან პოეზიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავა, პლათის გარდაცვალებიდან ექვსი წლის შემდეგ კიდევ ერთი ტრაგედიის შუაგულში აღმოჩნდა.  ასია უევილმა, პლათისა და ჰიუზის საერთო ნაცნობმა, რომლის გამოც ჰიუზმა ცოლი მიატოვა, პლათის ხსოვნის ჩრდილქვეშ, ჰიუზის ახალი სასიყვარულო რომანებისა და სიბერის შიშით გამოწვეული დეპრესიის შედეგად სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ხოლო მანამდე მოკლა მისი და ტედის საერთო ქალიშვილი, შურა.

ლოგიკურია, რომ ასეთი ტრაგიკული ბიოგრაფიის ფონზე პლათის პოპულარობა პირველ რიგში, ფემინისტური ნიშნებით განისაზღვრა და ტედ ჰიუზის მიმართ მწვავე ფემინისტური კრიტიკის საფუძველიც გახდა.  ტედ ჰიუზი მხოლოდ 1998 წელს, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, წლების მანძილზე პლათისადმი მიძღვნილი ლექსების კრებულის გამოქვეყნებით, ოცდაათი წლის დუმის შემდეგ შეეცადა ეპასუხა ბრალდებებისათვის. სილვია პლათის და ტედ ჰიუზის პოეტური წყვილი ყველაზე ნიჭიერი და ტრაგიკული წყვილია არა მხოლოდ გასული საუკუნის, ან მხოლოდ ინგლისურენოვანი, არამედ მსოფლიო პოეზიის ისტორიაში.  

ქართულ ენაზე სილვია პლათის ლექსების თარგმანები გასული საუკუნის ბოლოს გამოჩნდა. 1999 წელს გამომცემლობა ”მერანმა” მსოფლიო პოეზიის ბიბლიოთეკის სერიით გამოსცა პლათის ლექსების თარგმანების კრებული. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ხანებში პლათი ერთ-ერთ ყველაზე უფრო პოპულარულ უცხოენოვან პოეტად იქცა ქართველი მკითხველისთვის.   ”ზარხუფის” (”ზარი-ქოთანის” სახელწოდებით) რამდენიმე თავის ადრეული თარგმანი გამოქვეყნდა ”არილის” ფურცლებზე, ხოლო წინამდებარე თარგმანი, სხვადასხვა მიზეზების გამო, რამდენიმე წლის მანძილზე ელოდა დღის სინათლეს. იმედია, ქართველი მკითხველისთვის ბევრი კუთხით იქნება საინტერესო გასული საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოეტის სამყაროსადმი ეჭვებისა და უნდობლობის, სიცოცხლეში დაბრუნებისათვის საკუთარ თავთან ბრძოლის ეს ნამდვილი ამბავი. ლედი ლაზარეს ამბავი.

ლელა სამნიაშვილი