სოფლის ღირსება




სოფლის ღირსება.pdf




შესავალი


`სოფლის ღირსება~ მეექვსე წიგნია სერიისა `ქალთა მეხსიერება~, რომელსაც
2004 წლიდან გამოსცემდა ფონდის `ღია საზოგადოება _ საქართველო~ ქალთა
პროგრამა და ახლა მისი მემკვიდრე, `ფონდი ტასო~ გამოსცემს. 2007 წლიდან
`ფონდი ტასო~, როგორც უკვე დამოუკიდებელი ეროვნული ქალთა ფონდი, აგრძელებს
ქალთა პროგრამის მისიას საქართველოში გენდერული თანასწორობისა და სამარ-
თლიანობის დამყარების ხელშესაწყობად და ქალთა წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. გრანტგამცემ საქმიანობასთან ერთად ფონდი ოპერაციულ, შიდა პროექტებსაც ახორციელებს, მათ შორისაა მრავალწლიანი პროექტი `მეხსიერების კვლევის ცენტრი~, რომელსაც, 2004 წლიდან, ხელმძღვანელობს ცისანა გოდერძიშვილი, ქალთა კვლევების სპეციალისტი, ამჟამად _ `ფონდის ტასო~ გენერალური დირექტორის მოადგილე.

`მეხსიერების კვლევის ცენტრი~ ხელს უწყობს საქართველოში ქალთა ზეპირი
ისტორიის, როგორც აკადემიური დისციპლინის, განვითარებას, ინახავს ზეპირი
ისტორიების არქივებს (2001 წლიდან; აუდიო, ტექსტური, ფოტო და ვიდეო არქივები)
და ბიბლიოთეკას მნიშვნელოვანი ლიტერატურით/მასალებით ქალთა უფლებების,
გენდერული თანასწორობის, გენდერული კვლევების სფეროში. `ქალთა მეხსიერების~
სერიის წიგნების მომზადება და გამოცემა `მეხსიერების კვლევის ცენტრის~ საქმიანობათაგანია.

`სოფლის ღირსებას', განსხვავებით ამ სერიის სხვა წიგნებისგან, ქალთა ზეპირ
ისტორიას ვერ ვუწოდებთ, რადგან ზეპირი ისტორია აკადემიური კვლევის მეთოდია,
ხოლო `სოფლის ღირსების~ შემადგენელი ტექსტების უმრავლესობა დიქტოფონზეა
ჩაწერილი უბრალოდ, ჩვეულებრივი საუბრის დროს სოფლებში სახელდახელოდ
მოწყობილი სამუშაო შეხვედრებისას.

საქმე ისაა, რომ 2004 წლიდან მოყოლებული, ქალთა პროგრამა უშუალოდ
თანამშრომლობს სოფლად მცხოვრებ ქალებთან მათი ინიციატივების მხარდასაჭერად.
ყოველ წელს ეწყობა კონკურსი და თვენახევრიანი საკონსულტაციო პერიოდის
შემდეგ წინასწარშერჩეული საპროექტო განაცხადების განხორციელებადობის ხარისხი
ადგილებზე, სოფლებში მოწმდება. ეს ჩვენთვის ერთი ყველაზე სერიოზული, და
ამავე დროს, მძიმე სამუშაოა. მძიმეა იმის გამო, რასაც ჩვენ სოფლებში ვხედავთ,
რასაც გვიამბობენ. 2005 წლიდან ჩვენ შემოსავლის მომტანი პროექტები დავუშვით,
ხოლო 2007 წელს კონკურსი მთლიანად სოფლელ ქალთა მცირე ბიზნესის მხარდაჭერას
ეხებოდა, და გამოქვეყნდა სათაურით _ `სოფლად მცხოვრებ ქალთა
ეკონომიკური გაძლიერება~. სულ, 2004 წლიდან, სოფლელ ქალთა 38 პროექტია
მხარდაჭერილი, მათ შორის 18 _ 2007 წელს. საკმარისი სახსრების ქონის
შემთხვევაში წინასწარშერჩეული პროექტებიდან პროგრამა `ფონდი ტასო~ კიდევ
ერთ ამდენ პერსპექტიულ პროექტს დააფინანსებდა. ეს სამუშაო საგრანტო ფონდის სიმცირის გამოა გასაკუთრებით მძიმე. საგრანტო ფონდის გაზრდის ცდები არასდროს დასრულებულა წარმატებით, ძირითადად იმიტომ, რომ გრანტების
გაცემას მცირე ბიზნესის ასამუშავებლად შეცდომად გვითვლიდნენ, არაპროფესიონალიზმად; ეს იყო უარის ადვილი და საკმარისად მიჩნეული დასაბუთება. ჩვენგან კი მარტივი და საკმარისი იმის თქმა იქნებოდა, რომ არც
 ბანკი ვართ და არც მიკროსაფინანსო ინსტიტუტი, საქველმოქმედო ფონდი
ვართ და კრედიტების გაცემა არ შეგვიძლია. არის სხვა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვრცელი პასუხიც, გაცემული `სოფლის ღირსებით~.

`სოფლის ღირსება~, რომელიც, თავად, ჩვენს პასუხს წარმოადგენს სოფლად
ნანახ-გაგონილზე, უამრავ კითხვას აყენებს მკითხველი, იმედი გვაქვს რომ
ფართო, საზოგადოების წინაშე. ურთიერთწაწყობილი, სულ ერთმანეთს გადაჭდობილი
საკითხების სიმრავლეა, რთული და არაერთმნიშვნელოვანი სურათი, რომელშიც,
მაინც, უფულობა ჩანს მთავარ დამნაშავედ, დადებით გმირად კი _ ყოჩაღი ქალი
წარმოუდგენელი სიცოცხლისუნარიანობით, გამძლეობითა და თავდადებით, გონიერებითაცდა იმედით.

`სოფლის ღირსება~ არ მეტყველებს სტატისტიკური მონაცემების ენით. ციფრები
ცნობილია, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ცოდნა `არ მუშაობს~. დაახლოებით ისე,
როგორც ცრემლს არ გვგვრის ცნობა იმის შესახებ, რომ ათასობით ადამიანი
დაიღუპა, მაგრამ ერთი ადამიანის აღსასრულზე კი ვქვითინებთ, გულთან მიგვაქვს
ახლოს, თუკი გვიყვარს; თუნდაც უცნობი იყოს, გააჩნია, რას და როგორ მოგვითხრობენ.
`სოფლის ღირსებამაც~, გამადიდებელი შუშასავით, ჩვენს ადამიანებთან უნდა
მიგვაახლოვოს და დაგვანახოს ნამდვილები, ცოცხლები, ჩვენნაირები. გაგვაგონოს
თითოეული მათგანის, როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ხმა.
`სოფლის ღირსება~ სოფლის მიმართ მართლის მიგებად მოითარგმნება სულხანსაბას
სიტყვის კონის მოშველიებით, და მოწოდებულიც ამისთვისაა. ხოლო ახლებურად
რომ ვთქვათ, იმედი გვაქვს, რომ ეს წიგნი ქვეყნის აგრარული პოლიტიკის სასიკეთოდ
შეცვლის საქმეს გამოადგება.

`სოფლის ღირსების~ მთხრობელები გასაჭირზე ალაპარაკდნენ (ეს შედარებით
ახალია, თავისთავად, ჩვენში ხომ სირცხვილი იყო უფულობის აღიარება, ხოლო პროტესტი სიღარიბის გამო ღირსების შელახვად ითვლებოდა). ჩვენ, მათთან ერთად,
ვცხოვრობთ აგრარულ ქვეყანაში, რომელიც ვერაფრით იქცა ასეთად. ვცხოვრობთ
სახელმწიფოში, სადაც ჯერ ვერცერთმა მთავრობამ ვერ გამოჰყო ქვეყნის საშინაო
განვითარების პრიორიტეტები. ათწლეულების მანძილზე ჩვენ გვესმის ლაპარაკი
საქართველოზე გამავალი მილსადენების სიკარგეზე, ევროპასთან ინტეგრაციაზე,
ნატოს შესაძლო წევრობაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, მაგრამ ჯერ-ჯერობით
არაფერი გვესმის იმაზე, თუ რითი უნდა იცხოვროს ამ ქვეყნის ხალხმა სახელმწიფოს
დოვლათის, მისი უძრავ-მოძრავი ქონების, შენობების, ტყეების, მდინარეების გაყიდვის
გარდა (და გაყიდვის შემდეგ!), კიდევ რა შეიძლება იყოს მოგების მომტანი, მომავალში
რა დარგებს ექნება, გარდა გამოცხადებული ტურიზმისა, განვითარების პერსპექტივა.
იქნება ამ დარგებს შორის სოფლის მეურნეობა? მარტივად რომ ვთქვათ, აქვს თუ
არა გლეხისთვის აზრი, მოეჭიდოს თავის მიწას და ითმინოს გასაჭირი უკეთესი
დროების და მთავრობისგან მეტი ყურადღების მოლოდინში, თუ მრავალი თავისი
თანასოფლელივით გუდა-ნაბადი აიკრას და დედაქალაქს ან თუნდაც შორეულ
უცხოეთს მიაშუროს.

`სოფლის ღირსების~ მკითხველი დაინახავს, რომ საქმე, სამწუხაროდ, კიდევ
იმაზე უფრო ცუდადაა, ვიდრე თბილისიდან (ტელევიზორის ეკრანიდან) ჩანს. ჩვენი
რესპონდენტები, იგივე ჩვენი წიგნის გმირები, სულაც არ სხედან თავიანთ სოფლებში
გულხელდაკრეფილნი. პირიქით, ეს ის ხალხია, რომელიც ჯიუტად ცდილობს თავი
დააღწიოს მატერიალურ სიდუხჭირეს. ზოგნი, ვისაც მიწა გადაურჩა, ცდილობენ,
რომ გლეხებიდან ფერმერებად იქცენ, ანუ აწარმოონ იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე
თვითგადარჩენისთვის და ოჯახის გამოკვებისთვის სჭირდებათ და ფულადი მოგება
ნახონ. ფული არ არის სოფელში.

`სოფლის ღირსებაში~ წერია, თუ ერთ დღეს როგორ იქცა კოლმეურნე გლეხად და როგორ ვეღარასდროს იქცა ფერმერად. შეგროვებული ინტერვიუები შეგნებულად დავანაწევრეთ და თემატურად დავალაგეთ, თითოეული თემა კი საქართველოს სოფლის სატკივარი და მის წინაშე მდგარი ჯერაც გადაუჭრელი პრობლემაა. სურათი, რომელიცმივიღეთ, ძალზე სავალალოა. ვფიქრობდით ასე, პრობლემებად დასათაურებული წიგნი გამოგვეცა, მაგრამ მეტად  მძიმედ წასაკითხი გამოვიდა

და გადავაწყვეთ ისევ. აქ ნახავთ, თუ როგორ ერთი ხელის მოსმით, დაუფიქრებლად
დაინგრა კოლმეურნეობები, სოფლად ცხოვრების თავისთავად არასწორი, მაგრამ
უკვე აწყობილი წესი, და არავინ ასწავლა გლეხობას, თუ როგორ უნდა ეცხოვრა
მომავალში, როგორ ჩატარდა მიწის პრივატიზაცია, როგორ იქცა ფერადი ლითონების
შეგროვება, სპილენძის კაბელების თხრა და ჯართის ჩაბარება ნაღდი ფულის
შოვნის ერთადერთ თუ არა, ყველაზე იოლ და ყველაზე ხელმისაწვდომ გზად,
ოღონდ ასე ნაშოვნი ფული იმწუთიერი, `ერთჯერადად~ გადარჩენის საშუალებაა
მხოლოდ და არანაირ სამომავლო პერსპექტივას არ იძლევა; როგორ დაიწყო და
გაგრძელდა სოფლიდან ქალაქში და უცხოეთში მიგრაცია და რა შემაშფოთებელი
მასშტაბები მიიღო მან დღეს, რა დროს ახსენდება მთავრობას სოფელი, როგორ
ტარდება სოფლად არჩევნები, როგორ მოქმედებენ სოფლის ლიდერები და ავტორიტეტები, როგორ შემოვიდა სოფლად მისთვის მანამდე უცხო პრობლემები: ნარკომანია, ლოთობა, აივ/შიდსი, კრიმინალი და სხვა... უკეთესი ბედის საძიებლად საით მიემარ- თებიან სოფლის ახალგაზრდები; ანდა, რა ბედი ეწია იმათ წამოწყებებს, რომლებიც თავდაღწევას ცდილობდნენ _ რა ქნა ქათმის გრი პმა, ღორის ჭირმა, მონტგომერის დაავადებამ. რა არის ყურძნის ფასი (კოკა-კოლაზე იაფად, ტყემალზე იაფად, წყალზე იაფად!) და `წარმატებით~ ჩატარებული რთველი...


`სოფლის ღირსების~ მკითხველი გაიგებს, რომ სოციალურად შეღებილი კამპანიები
ადამიანზე და ოჯახზე ყურადღებაგამახვილებულმა სწორმა სოციალურმა
პოლიტიკამ უნდა შეცვალოს. გაიგებს, რომ მხარდაჭერის გარეშე სოფლელებს,
მოუცლელი ჭაპანწყვეტის და უფულობის გამო, არ შეუძლიათ სამომავლო, გრძელ ვადიან პერსპექტივებზე ფიქრი და დაგეგმარება. ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო
კრედიტი მათთვის მიუწვდომელია, თუნდაც იმიტომ, რომ არაფერი გააჩნიათ ისეთი,
რაც კრედიტის გარანტიად ივარგებდა. ჩვენს რესპონდენტთაგანს, ზოგს ეამაყება,
რომ სხვებზე მეტი მოსავალი მოჰყავს, მეტ საქონელს უვლის, მეტ დოვლათს ქმნის
და ამ ყველაფრის შედეგად სხვებზე მომზადებული ხვდება ზამთარს _ მეტი
არაფერი. არაადამიანურ შრომის ფასად შექმნილი პროდუქციის რეალიზაციის,
მისი ფულად ქცევის საშუალება დღეს გლეხს არა აქვს. ადგილზე ჩაბარებული
ხილის და ბოსტნეულის, რძის და ხორცის პროდუქტის ფასი რამდენჯერმე, თვალ-
შისაცემად, არალოგიკურად მცირეა საბაზროზე. ხოლო თბილისის კოლორიტული
ბაზრები, ადგილები, სადაც გადამყიდველების საშუალებით და მართლაც ძალიან
მცირე ფასად გლეხი ასე თუ ისე ახერხებდა საკუთარი პროდუქციის გასაღებას,
დღეს უკვე აღარ არსებობს. საქართველოს დედაქალაქის სუპერმარკეტებში, ქუჩის
სავაჭრო ფარდულებშიც კი, გაყიდული სოფლის მეურნეობის საქონელი მეტწილად
თურქული წარმოშობისაა, დიდი რუსული ბაზარი კი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
ამერ-იმერი საქართველოსთვის, ჩაკეტილი.

ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ბარტერული გაცვლებით ცხოვრობს საქართველოს
გლეხობა. თუშური ყველი იცვლება კახურ ღვინოზე, ქართლის ვაშლი
_ ჯავახეთის კარტოფილზე და ა.შ. ხოლო სოფლად ცხოვრება, იქაური აღებმიცემობა
მთლიანად ნისიაზეა დამყარებული. გლეხის ცხოვრება, ყველაზე გამრჯეს
და მშრომელისაც კი, საკუთარ მიწაზე ყველაზე მკვიდრად მიბმულის, ერთ გრძელ,
უსასრულო ნისიას წააგავს, რომელის დასასრულიც არც დღეს ჩანს და საეჭვოა,
რომ უახლოეს მომავალში გამოჩნდეს.
სოფლელები დიდად აფასებენ იმას, რომ სასწრაფო დახმარების სამსახური
(უფასო!) აწყობილია და კარგად მუშაობს, მაგრამ არც კი ახსენებენ საავტომობილო
ტრასების აღდგენას, საქმეს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი
წვლილითა და მსოფლიო ბანკის სესხით განხორციელდა. ჩანს, რომ არ გამოადგათ,
ქალაქს მაინც ვერ სწვდებიან... გლეხობა დღეს ცხოვრობს უცნაურ იზოლაციაში,
რომლიდანაც იგი, მას შემდეგ, რაც სოფლად დენის მიწოდება, მრავალწლიანი
ჩაბნელების მერე, ნაწილობრივ აღდგა, თვალს ადევნებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მაგრამ არანაირად არ არის ამ პროცესებში ჩაბმული, სიტყვა არ ეთქმის და ხმას ვერ მიაწვდენს, რკინის ქალამანსაც ვერ ჩაიცვამს, სადაა ტრანსპორტის ფული.
სოფლის სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა მცირდება, სკოლები ერთიანდება,
მეზობელ სოფლამდე ბევრი კილომეტრია, დიდი თოვლი იცის... მასწავლებელმა
ბოსტანს უნდა მიხედოს (აბა რა ქნას!), მშობელს არ სცალია, ბიბლიოთეკები
იხურება, გასაგები გახდა, რომ ვერ გადარჩები ვერც `კარგი სწავლითა და სანიმუშო
ყოფაქცევით~, და ვერც პატიოსანი შრომით; კარგად მყოფთა სტრატეგია მტაცებლურია,
სამუშაოდ უცხოეთში გაღწევა სახიფათოა, ცხოვრების, ოჯახის დამანგრეველი, ზოგჯერ
– ტრაგიკული. ბავშვები დახშულ სივრცეში იზრდებიან, მრავალი მათგანი პირველად
უკვე ზრდასრული ხვდება დედაქალაქში, რომელიც დღეს ისე შორსაა სოფლიდან,
როგორც არასდროს, იმდენი ხიბლითა და ხიფათითაა სავსე, როგორც არასდროს.
ბევრი ამ მაცდურ ბრწყინვალებას ვერ უძლებს და მათი ცხოვრება ტრაგიკულად
ვითარდება. იმ ოცი ათასი პატიმრიდან, რომლებიც საქართველოს ციხეებში და
კოლონიებში იხდიან სასჯელს, ძალიან დიდი რაოდენობა სწორედ სოფლიდან
წამოსულ ახალ მიგრანტებზე მოდის.

`სოფლის ღირსებაში~ შესულია 45 ქალისა და 2 მამაკაცის მონათხრობი,
ჩაწერილი 2007 წლის ზაფხულში და შემოდგომაზე საქართველოს ყველა რეგიონის
29 სოფელში. უმეტესი _ კახეთში, შესაბამისად საპროექტო განაცხადების სიმრავლისა
კახეთიდან. გარდა ამისა, წიგნში ვაქვეყნებთ ფრაგმენტებს `მეხსიერების კვლევის
ცენტრის~ არქივის სხვადასხვა წლების კოლექციებიდან. ფოტოებიც ჩვენი არქივისაა,
მუშაობისას გადაღებული, ან შემოწირული. წიგნში მოთავსებული ფოტო არ არის
მისი ტექსტის პირდაპირი ილუსტრაცია. მათი კავშირი ამ პუბლიკაციის ერთიანი
შინაარსითა და სულისკვეთებითაა გაშუალებული.

ჩვენ ვიცავთ უმეტესი ავტორების ანონიმურობას, და ვადასტურებთ, რომ ყოველივე
მართლა ითქვა, და ითქვა ისე, როგორც იბეჭდება (სტილიც, შეძლებისდაგვარად,
დაცულია). ზოგს იმგვარ მსჯელობასაც ვბეჭდავთ, ნამდვილად რომ არ ვეთანხმებით,
მაგრამ ეს უკვე ნაკლებად საინტერესო წვრილმანია.


დიდი მადლობა წიგნის ყველა ავტორს, და ყველა მკითხველს. თქვენ ძალიან
სჭირდებით ერთმანეთს.


მარინა თაბუკაშვილი,
`ფონდის ტასო~ გენერალური დირექტორი,
2007 წლის 12 დეკემბერი, თბილისი