საკუთარი ოთახი





საკუთარი ოთახი.pdf



წინასიტყვაობა

ამ წიგნით `ფონდი ტასო~ იწყებს გამოცემათა ახალ სერიას - `ფემინისტური ბიბლიოთეკა”.
სერია საქართველოში ფემინისტი მოაზროვნეების პოპულარიზებისთვის, და გენდერული/ქალთა კვლევების განვითარების ხელშეწყობისთვისაა გამიზნული, და მოწოდებულია იმ შიშნარევი განწყობის ბურუსის გასაფანტად, რომელიც ჯერ კიდევ ახლავს სიტყვას `ფემინიზმი~ ჩვენი საზოგადოების თვალში.

იმედი გვაქვს, რომ `საკუთარ ოთახს~ ქართველი მკითხველი ისევე დააფასებს და შეიყვარებს, როგორც მსოფლიოს მკითხველმა საზოგადოებამ შეიყვარა ვირჯინია ვულფის კლასიკად ქცეული “საკუთარი ოთახი”, დიდად მნიშვნელოვანი პატარა წიგნი ქალებისა და მწერლობის, იმ ფაქტორების შესახებ, რაც ქალებს ხელს უშლიდა და უშლის შემოქმედებით თვითრეალიზებაში. `საკუთარ ოთახში” ვირჯინია ვულფთან ერთად მკითხველი ქართველ ქალებსაც შეხვდება. აქ თავმოყრილია მათი ნამუშევარი, ლიტერატურული ესსეები, მხატვრული თარგმანები, საგაზეთო სტატიები და პიესა, შექმნილი ხჳხ საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული, 1929 წლამდე. `საკუთარი ოთახი~, წიგნის საერთო სათაურად, მინიშნებაა ქალთა შემოქმედების ერთიანი სივრცისა, რომელიც უსაზღვროდ ღიაა, და ამავე დროს, ყოველი ავტორის განუმეორებლობითაა დაცული. ამ ქალებმა მოახერხეს პირადი სივრციდან საჯარო სივრცეში გაღწევა,  ხმამაღლა და თამამად ალაპარაკდნენ და სხვა ქალებისთვის ზრუნვა თავიანთი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ მიზნად დაისახეს.
მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა, რომელთა გადალახვაც მათ მოუხდათ, ქალთა უფლებებისთვის მებრძოლთა ხმა, ნააზრევი, მემკვიდრეობა უკვალოდ არ დაკარგულა.

`საკუთარი ოთახის” ქართველ ავტორებსაც აღელვებთ ე.წ. “ქალთა საკითხი”, _ არსებითად კი სქესთა შორის თანასწორობისა და თანაბარუფლებიანობის, ქალთა განათლების, შემოქმედებითი თვითრეალიზაციის შესაძლებლობების გახსნისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის თემები. თავიანთ თანამზრახველებთან ერთად ისინი, ისევე, როგორც ქალთა უფლებების დასავლელი დამცველები, დაუღალავად მოღვაწეობდნენ საზოგადოებრივ ასპარეზზე, რომ, საზოგადოებისავე სასარგებლოდ, ოდნავ მაინც გაეუმჯობესებინათ არსებული მდგომარეობა. მდგომარეობა არც თუ სახარბიელოა დღევანდელ საქართველოშიც.

`საკუთარი ოთახის” მკითხველი დარწმუნდება, რომ ფემინისტური აზროვნება სულაც არ არის საქართველოში უცხო და `თავსმოხვეული~. ხჳხ საუკუნის დასასრულისა და ხხ საუკუნის დასაწყისის ქართველი ქალები თავადაც კარგად აცნობიერებდნენ საკუთარ უუფლებობას, როგორც ქალთა, და მთელი საზოგადოების პრობლემას და შესანიშნავად ესმოდათ, რომ ძირითადი გამოსავალი განათლებაა, არა მხოლოს ქალთა, არამედ – მთელი საზოგადოების განათლება.

ამ წიგნში ერთმანეთის გვერდიგვერდ იხილავთ ეკატერინე გაბაშვილსა და მარიჯანს, ვირჯინია ვულფსა და კატო მიქელაძეს, კეტი კლარკსა და ელენე ლორთქიფანიძეს, ბაბო სულხანიშვილსა და ნინო ნადირაძეს, ბარბარე ჯორჯაძესა და კიდევ რამდენიმე უცნობ ავტორს, რომელთაც ანონიმურად დაუბეჭდავთ თავიანთი წერილები გაზეთში `ხმა ქართველი ქალისა~ (1917-18 წწ). ზოგი ამ ტექსტთაგანი, მათი პირველად გამოქვეყნების შემდეგ, არასოდეს გადაბეჭდილა და შეიძლება ითქვას, მკითხველისთვის მიუწვდომელია.
წიგნის შინაარსის ჟანრული მრავალფეროვნება და ეკლექტურობა ქართული ფემინიზმის საწყისების შესახებ უფრო სრული წარმოდგენის შექმნას ემსახურება. შეუძლებელია, ერთ, ან თუნდაც, რამდენიმე წიგნში მოაქციო ქართველი ქალებისგან საუკუნეების მიჯნაზე შექმნილი ლიტერატურულ-პუბლიცისტური მემკვიდრეობა, სამწუხაროდ, მრავალი ღირსეული ტექსტი ამ წიგნის მიღმა დარჩა. თუმცა, ავტორთა უფრო ფართოდ წარმოდგენა მომავალი პუბლიკაციების საქმეა.


საქართველოში ხჳხ-ხხ საუკუნეების მიჯნაზე ქალთა მოძრაობის შესახებ, სულ ცოტა ხნის წინ, არაფერს წერდნენ; საბედნიეროდ, მდგომარეობა შეიცვალა: გამოჩნდნენ მკვლევრები, რომელთაც მნიშვნელოვანი დამსახურება მიუძღვით უსამართლოდ მივიწყებული სახელების წარმოჩენაში.
`ფემინისტური ბიბლიოთეკის~ სერიაში სისტემატურად გამოიცემა ქართველი და უცხოელი ავტორების მხატვრული ნაწარმოებები, ესსეები, კვლევები, რითაც, ჩვენს მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ ამ მნიშვნელოვან საქმეში.


წიგნზე მუშაობისას გაწეული დახმარებისთვის დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ ქალთა საკითხებზე მომუშავე მკვლევრებს, ლელა გაფრინდაშვილს, ლელა ხომერიკსა და თამარ საბედაშვილს.


ფონდი ტასო
2007 წელი