ელო



ელო.pdf


წინასიტყვაობა


წინამდებარე წიგნი ეძღვნება ცნობილ ქართველ მეცნიერს, ძველი ქართული მწერლობის ისტორიის მკვლევარს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ელენე მეტრეველს.

ელენე მეტრეველი გახლდათ მრავალმხრივ გამორჩეული პიროვნება, საერთაშორისო მასშტაბის მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ფართო დიაპაზონის ფილოლოგი, არქეოგრაფი, კოდიკოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის (ამჟამინდელი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის) ერთ-ერთი დამაარსებელი და 20 წლის განმავლობაში მისი უცვლელი დირექტორი, ჩინებული ხელმძღვანელი და მასწავლებელი. კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დიდი საერთაშორისო აღიარება ელენე მეტრეველისა და მისი კოლეგების, მის მიერ აღზრდილი მეცნიერების დამსახურებაა.

კრებულში თავმოყრილია მოგონებები ქალბატონ ელენე მეტრეველზე. მის შესახებ გვიყვებიან მისი კოლეგები, მოწაფეები, ოჯახის წევრები, მეგობრები.
როცა ვლაპარაკობთ ელენე მეტრეველის ღვაწლზე ქართული მეცნიერების წინაშე, არ შეიძლება არ ვახსენოთ ილია აბულაძე, შესანიშნავი ქართველი მეცნიერი, ძველი ქართული მწერლობის ისტორიის უბადლო მკვლევარი, კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დამაარსებელი და მისი პირველი დირექტორი. როგორც ხშირად ამბობენ, ილია აბულაძისა და ელენე მეტრეველის ბრწყინვალე ტანდემმა შექმნა ქართული კულტურის კვლევის ის სახელგანთქმული კერა, რომელსაც კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი ეწოდებოდა. ამიტომაც, წიგნში შესული მოგონებები ეხება არა მხოლოდ ელენე მეტრეველს, არამედ ილია აბულაძესაც. ამავე დროს, წარმოუდგენელია ამ ორი დიდი პიროვნების ხსენება იმ კოლექტივის გარეშე, ვისთან ერთადაც ქმნიდნენ ისინი ხელნაწერთა ინსტიტუტს. ეს ის ადამიანები იყვნენ, და საბედნიეროდ, არიან კიდევ, რომელთა თავდაუზოგავი შრომით, საქმისადმი უსაღვრო სიყვარულით, მაღალი პროფესიონალიზმით იქმნებოდა მაღალი დონის მეცნიერული შრომები.

ვფიქრობთ, წიგნი საინტერესო იქნება ფართო საზოგადოებისათვის, რადგან ავტორთა მონათხრობში კარგად წარმოჩინდა ელენე მეტრეველი არა მხოლოდ როგორც დიდი მეცნიერი, არამედ როგორც თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტი, რომელიც წლების მანძილზე თავდაუზოგავად შრომობდა ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული უნიკალური საგანძურის მოვლა-პატრონობისათვის.

მინდა დიდი მადლობა მოვახსენო `ფონდ ტასოს~, რომლის მესვეურთა ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ამ წიგნის გამოცემა.

თამარ მარგიანი