სათემო მობილიზაციის კვალდაკვალ // In the footsteps of community mobilization

სათემო მობილიზაციის კვალდაკვალ 

                                             პროექტი: ,,ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური 

განვითარებისთვის საქართველოში”

ქალთა ლიდერობის სატრენინგო ციკლი: 2019 წლის 29 მაისი -11 ივნისი

ემოციებით სავსე ვარ ისევ, ათი დღის განამავლობაში 168 საინტერესო და მებრძოლ ქალს შევხვდი. დიახ - მებრძოლს, ისინი ცხოვრებას ებრძვიან, არ ნებდებიან და თუ ვინმე დაინტერესდება თუ რატომ ებრძვიან, მაშინ ერთხელ მაინც უნდა ესტუმროს სოფლად მცხოვრებ ქალს, ჩაერთოს მისი ერთი დღის ცხოვრებაში და რამდენიმე საათში დარწმუნდება რა ძალა აქვს მას და როგორ არ ნებდება.

ახლა ახალი კითხვა ისმის, რას არ ნებდება? რას არ ნებდება და ყოველდღიურობას... იმას, რომ ერთფეროვანი რუტინაა მისი ცხოვრება და დილიდან დაღამებამდე ყოველდღიურად ერთი და იგივე საქმის კეთება უწევს. სამწუხაროა, რომ სახლის კარს იქით არაფერი ხდება სოფლად, არც საგანმანათლებლო და არც კულტურული ცხოვრებაა ზრდასრული მოსახლეობისთვის და არც ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვა. ბევრგან არც სოფლის ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო მომსახურებაა ისე განვითარებული, რომ სახლიდან გამოსული გზად არსად შემორჩე და სახლში დატოვებული ოჯახის წევრების და ცოცხალი სულიერის დარდი არ გასვენებდეს.

ამ პატარა ისტორიის წერის მიზეზიც უკვე, ცხადია, რომ სოფლად მცხოვრები ქალები გახდნენ. ქალები, რომელთა სოფლებში ტრენინგი პირველად განხორციელდა, ან არ იყო პირველი ზოგიერთისთვის, მაგრამ აუდიტორიის დიდი ნაწილი პირველად  მონაწილეობდა ტრენინგში.


მე ტრენერი ვიყავი, ისინი მსმენელები, ტრენინგის მსვლელობა კი - ხალისიანი და აქტიური.

მათგან დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებას ვისმენდი და მე მეტი ვისწავლე მათგან, თუ მათ ჩემგან - ჯერ არ ვიცი. მაგრამ ერთი რამ უდავოდ ვიცი, რომ საინტერესო და სასარგებლო მოგზაურობა იყო გურიის, სამეგრელოს, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სოფლებში: ლაითური, ცრემლისხიდი, ახალსოფელი, მუჟავა, ჯგალი, დარჩელი, კახათი, ღარი და ღვირიში, საინტერესოა - იქ მცხოვრები ადამიანებით და ულამაზესია - ბუნებით.

აქ მცხოვრები ქალების აქტიურობამ და განვითარების სურვილმა სიხარული მომიტანა, სიხარულის მიზეზი კი სოცოცხლის ბოლომდე უწყვეტი სწავლების აღიარებაა, რაც ასე თვალნათლივ ჩანდა. ყველა სოფელს და იქ არსებულ თვითდახმარების ჯგუფებს თემის საჭიროებაზე მორგებული მიზნები და ამოცანები აქვს სამომავლოდ დაგეგმილი. ერთიანობის ძალა და მუხტი ბევრ რამეს შეაცვლევინებს ლიდერ ქალებს, რომლებიც სოფლად ახლა იბადებიან და ვითარდებიან.


ცაგერის სოფელ ღვირიშში შეხვედრა თერთმეტზე დავიწყეთ, აქაც ისევე, როგორც ყველგან, დილის საქმემოლეულები მოვიდნენ და ჩამოისვენეს ჩვენ მისვლამდე. დაისვენეს, ძალები მოიკრიბეს და ელოდოდნენ ტრენინგს, პირველ ტრენინგს მათ თემში. ეს უდიდესი პასუხისგებლობაა ჩემთვის. რადგან მე ზუსტად ვიცი რა დროს ადგა თვითოეული მათგანი რომ ოჯახის საქმეც მოესწრო და მისთვის უცხო რამეს, ტრენინგს დასწრებოდა. არც ხალისი შეეტყოთ ჩემ დანახვაზე, თუმც დღე ხალისიან ნოტაზე დავასრულეთ - იმდენი საერთო ვიპოვეთ, არამარტო როგორც ტრენერმა და მონაწილეებმა, არამედ როგორც სოფლად მცხოვრებმა ქალებმა.

არც ერთი სატრენინგო დღე წინას არ ჰგავდა, ვერცერთ დღეს ვერ დავიცავი დღის წესრიგით გათვალისწინებული გეგმა. არ ვიცი, ამას როგორც შეაფასებენ TOT-ის ტრენერები, მაგრამ ის ვიცი, რომ ეს ადამიანები ისე არიან საჭიროებაზე მორგებულ ინფორმაციას მოწყურებულები, დღის დასაწყისშივე, ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე, მივყვებოდით დაგეგმილ დღის წესრიგს და თემას ,,ქალთა ლიდერობა“ ოჯახის, საზოგადოებრივი აქტივობის და ბიზნესის კონტექტში განვიხილავდით.


ტრენერისთვის ტრენინგის მიზანია მონაწილეებმა ცოდნა და ინფორმაცია წაიღონ და ისეთი წაიღონ, რომ მისი რელიზება მოახდინონ ცხოვრებაში, ხოლო მონაწილეთა ემოციური და დადებითი უკუკავშირი გაძლევს ძალას, ცოდნას და გამოცდილებას იმისათვის, რომ შენი ყოველი მომდევნო ტრენინგი უკეთესი იყოს.

ეს ჩემი ცხოვრების მხოლოდ ათი დღეა და მიხარია, რომ ამ ქვეყანაში კიდევ მრავალი ათი დღის განმავლობაში შევხვედრილვარ და შევხვდები ლიდერ ქალებს, რომელნიც თავის თემში და ქვეყანაში ნელნელა ცვლიან ცხოვრებას.

მე მათი ნაწილი ვარ..

ნანა ნერსეზაშვილი

აღმასრულებელი დირექტორი,
ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი
სათემო ფონდი ,,ლელი“